Tuesday, February 19, 2008

To Theo...

... ხომ საოცრად მშვენიერია მამაკაცის და ქალის თავი, როცა ამას მშვიდად, ყურადღებით აკვირდები. ბუნებაში არსებული ეს საერთო ჰარმონია ელფერების რაღაც წვრილმანი, ულაზათო კოპირებით ირღვევა და იკარგება. ხოლო მისი შენარჩუნება შეიძლება პარალელურ ფერთა გამით, რომელიც იქნებ ნატურასთან შედარებით ზუსტი არც იყოს. საჭიროა, ლამაზ ტონებს გონივრულად იყენებდე, ლამაზ ტონებს, პალიტრაზე რომ თავისთავად ფერებს იძლევა. ვიმეორებ, ამოსავლად საკუთარი პალიტრა გქონდეს, ჰარმონია ფერებისა შენებურად უნდა გესმოდეს - ეს ბუნების მონური და მექანიკური გადმოხატვა აღარ იქნება.

ავიღოთ ახლა სხვა მაგალითი: ვთქვათ, შემოდგომის პეიზაჟის დახატვა მინდა - ხეებს რომ ფოთლები გაჰყვითლებია. აბა, მითხარი, რა აზრი აქვს ჩემი პალიტრის ყვითლისა და ფოთლების ფერის აბსოლუტურ შესატყვისობას, თუ მთელ პეიზაჟს ისე აღიქვამ, როგორც ყვითლის სიმფონიას? რა თქმა უნდა, ძალიან მცირე. ბევრი რამ, თითქმის ყველაფერი, განისაზღვრება მხოლოდ იმით, რანაირად და როგორ აღვიქვამ ერთ ოჯახში შემავალ ტონთა უსაზღვრო და უსასრულო მრავალგვარობას. მეტყვი, ეს ძალზე სახიფათო გადახრააო რომანტიზმისკენ, "რეალიზმის" ღალატიაო, გონებით ხატვა, ფერმწერის პალიტრის სასარგებლოდ ბუნების ფერთა უგულებელყოფა. რა გაეწყობა, დაე, ასე იყოს...

No comments: