Saturday, June 05, 2010

***

ღონემიხდილი ლოგინზე დაეშვა. თავი ოდნავ ზემოთ ჰქონდა დადებული; ხელები განზე, ვენებით ზემოთ, თითქოს ელოდებოდა მათ უეცარ გადახსნას. ერთი ფეხი იატაკზე იყო დაშვებული, მეორე ლოგინზე იდო უაზროდ. გახშირებული გულისცემისგან მკერდი გამალებით ვერტიკალურად მოძრაობდა. თვალები ხან დახუჭული ჰქონდა, ხან აღებდა, რომ ჭერში მოძრავი ჩრდილებისთვის თვალი გაეყოლებინა. რამოდენიმე წუთის წინ ის ცეკვავდა, ცეკვავდა სიბნელეში, მუსიკა მხოლოდ მას ესმოდა ყურებში. ეს მუსიკა მას არც ლოგინზე დაშვების მერე მოუცილებია, რადგან მუსიკის გარეშე სამყარო სიცარიელეს იძენდა. სხვადასხვა აზრები, ფიქრები, აჩრდილები, სახეები, მოვლენები ტრიალებდა დახუჭული თვალების მიღმა. მთელი სხეული მოდუნებული ქონდა, დაბუჟებამდე მოდუნებული. ტუჩები ოდნავ გახსნილი თითქოს ჭერიდან ვიღაცის ჩამოსვლას ელოდა. რაც უფრო დიდხანს იწვა ასე გაუნძრევლად მით უფრო ვეღარ გრძნობდა სხეულის სიმძიმეს, თითქოს მისი სხეული არც არსებობდა საერთოდ, უდიდეს სისუსტესა და იმავდროულად ჰაეროვნებას გრძნობდა. შეეცადა არაფერზე ეფიქრა და მხოლოდ დახუჭული თვალების მიღმა წარმოშობილ სიბნელეში ჩაეხედა. ეს არ იყო კუნაპეტი სიბნელე, რაღაც სინათლის მაგვარი იყო ამ სიბნელეში, თითქოს შეიძლებოდა იქ რაღაცის დანახვა, ოღონდ გარჩევა ძალიან ძნელი იყო. რაც მეტად ცდილობდა დაკვირვებას თითქოს მით მეტად შორს მიდიოდა და უცბად გააცნობიერა, რომ ძალიან თუ მოინდომებდა შეეძლო სხეულიც კი დაეტოვებინა, გათავისუფლებულიყო და ამოფრენილიყო. რაც უფრო საღად გააცნობიერა ეს შესაძლებლობა მით მეტად შეეშინდა და თვალები გაახილა. მომენტი გაშვებული იყო, თუმცა მიხვდა, რომ სწორედ ასე ხდება უღრმესი უფსკრულებიდან უდიდესი მწვერვალების მიღწევა.